ნოტარიუსის მიერ ფაქტების  ნამდვილობის დამოწმება და მისი  სამართლებრივი შედეგები

11 მაისი 2022

ავტორი: დავით ოყროშიძე
ნოტარიუსი ქ. თბილისში
ოყროშიძისა და მერგელის სანოტარო ბიურო
ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს საპატიო წევრი


ნოტარიუსი უფლებამოსილია, დაამოწმოს ფაქტები. საუბარია ფაქტებზე, რომელთაც იურიდიული შედეგი მოსდევს. ფაქტების დამოწმება საუკუნეების განმავლობაში ნოტარიუსის ტრადიციული ფუნქციაა. ნოტარიუსები თითქმის ყოველთვის ახლდნენ ესპანელსა თუ პორტუგალიელ ზღვაოსნებს მოგზაურობებში. ისტორიას ახსოვს სახელი ესპანელი ნოტარიუსისა – როდრიგო დე ესკობედო (Rodrigo de Escobedo), რომელმაც 1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბის მიერ კუნძულ სან-სალვადორის აღმოჩენისა და სახელდების ფაქტი დაადასტურა, რაც საფუძვლად დაედო აღმოჩენილი მიწის ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოცხადებას.
ფაქტების დადგენა ნოტარიუსის პირდაპირი პროფესიული მოვალეობაა. სანოტარო მოქმედების შესრულებისას მას მუდმივად საქმე აქვს სხვადასხვა ფაქტთან და უწევს მათი ნამდვილობის შემოწმება. სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობისა თუ ქმედუნარიანობის დადგენა, საკუთრების უფლების შემოწმება, გარიგების საგანზე სამართლებრივი დატვირთვის არსებობა-არარსებობის დადგენა – ყოველივე ეს ის ფაქტებია, რომლებთანაც ნოტარიუსი უშუალოდ არის დაკავშირებული, თუმცა, როგორც წესი, მათი დადგენა სხვა სანოტარო მოქმედების შესრულების პროცედურული ნაწილია და დამოუკიდებელ სანოტარო მოქმედებებს არ წარმოადგენს. ნოტარიუსის მიერ ფაქტის ნამდვილობის დამოწმება, როგორც დამოუკიდებელი სანოტარო მოქმედება, ჩვენი სტატიის განხილვის საგანია.

ნოტარიატზე სახელმწიფოს მხრიდან დელეგირებულია საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილება, დაადასტუროს პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები და იურიდიული ფაქტები. შესაბამისად, პროფესიულ მოვალეობათა აღსრულებისას ნოტარიუსი სახელმწიფოს წარმოადგენს. ის „პროფესიონალი მოწმეა“, რომლის სანდოობა სხვადასხვა საკანონმდებლო გარანტიით არის უზრუნველყოფილი, ესენია: ნოტარიუსის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიასთან დაშვების სპეციალური წესი და მინიმალური კომპეტენცია, კონფიდენციალურობა, პირადი პასუხისმგებლობა, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა და სხვ. ყოველივე აღნიშნული განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს ნოტარიუსის „ჩვენებას“, რომელიც მის მიერ შედგენილი სანოტარო აქტით არის გადმოცემული, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტები უდავო მტკიცებულებითი ძალით სარგებლობს.
ჩვენს ქვეყანაში ნოტარიუსის მიერ ფაქტების დამოწმება ნოტარიუსის მიერ მოწესრიგებულია საქართველოს კანონით „ნოტარიატის შესახებ“ და მის საფუძველზე არსებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“. ნოტარიუსის მიერ ფაქტების დამოწმება მსგავსია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების კონსტატაციის მომსახურებისა, რომელიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9113-9118-ე მუხლებით არის გათვალისწინებული.
ნოტარიუსი უფლებამოსილია დაამოწმოს ფაქტი, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს. მას უნდა ჰქონდეს საკმარისი ტექნიკური ცოდნა დასადასტურებელი ფაქტის ნამდვილობის შესამოწმებლად და თავი უნდა შეიკავოს ისეთი ფაქტების დამოწმებისაგან, რომელთა შემოწმებაც განსაკუთრებულ ტექნიკურ ცოდნას ან სპეციალურ კვალიფიკაციას საჭიროებს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტის დამოწმება ნოტარიუსის მიერ მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას გულისხმობს. მას არ აქვს უფლება ფაქტის დამოწმებისას შეეხოს ამ ფაქტის გამომწვევ მიზეზებს ან გამოთქვას ვარაუდი მათი დადგომის საფუძვლების შესახებ. მიზეზის კვლევა შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტის ან ექსპერტის კომპეტენციაა. 
„ნოტარიატის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლით, როგორც გამონაკლისი, ფაქტის დამოწმებისას დასადასტურებელი ფაქტის შინაარსის შესაძლო წინააღმდეგობა საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობის ნორმებთან არ წარმოადგენს სანოტარო მოქმედებაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძველს. ნოტარიუსი ვალდებულია გამონაკლის შემთხვევებში მაინც დაადასტუროს ფაქტი, მიუხედავად ფაქტის ზნეობის ნორმებთან შესაბამისობის მიმართ თავისი სუბიექტური დამოკიდებულებისა. ასეთი გამონაკლისებია, მაგალითად: ნოტარიუსის მიერ იურიდიული პირების ორგანოების სხდომების ან/და კრების ოქმების შედგენა, როდესაც ნოტარიუსი აღწერს სხდომის მიმდინარეობას და სხდომაზე მომხდარ ფაქტებს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში ამა თუ იმ ინფორმაციის, ფოტოს (სხვა მსგავსი მასალის) განთავსების ფაქტი. 

იურიდიული ფაქტის დამოწმების შესახებ ნოტარიუსი გასცემს მოწმობას, რომელიც საჯარო დოკუმენტს წარმოადგენს, შესაბამისად, მისი შედგენისას ნოტარიუსმა უნდა იხელმძღვანელოს საჯარო აქტის შედგენისა და დამოწმებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი ნორმებით. მოწმობა ფაქტის დამოწმების თაობაზე უნდა შეიცავდეს მოწმობის გაცემის თარიღს, აგრეთვე ზუსტ დროს (საჭიროებისამებრ სანოტარო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დროის მითითებით), როდესაც განხორციელდა ფაქტის დამოწმება, დაინტერესებული პირის (ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან მისი წარმომადგენლის) საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც შესრულდა სანოტარო მოქმედება, აგრეთვე ფიქსირებული ფაქტის ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერას. მოწმობას დაერთვება ფაქტის ამსახველი ყველა მასალა (ფოტოსურათები, „სქრინშოთები“ თუ სხვ.). 
ნოტარიუსის მიერ გამოცემული მოწმობა იურიდიული ფაქტის დამოწმების შესახებ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოიყენოს მტკიცებულებად სასამართლოსა თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში. იურიდიული ფაქტის დამოწმების შესახებ ნოტარიუსის მოწმობის ერთი ეგზემპლარი ყოველთვის ექვემდებარება არქივირებას სანოტარო ბიუროს არქივში როგორც მატერიალურ მატარებელზე, ასევე ელექტრონული ფორმითაც, რათა დაინტერესებული პირისთვის ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის მოწმობის დამოწმებული ასლები და დუბლიკატები.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული სანოტარო მოქმედებათა არაამომწურავი ჩამონათვალი ითვალისწინებს ნოტარიუსის მიერ ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადასტურებას, როგორებიცაა: პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტი, პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნისა, ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობისა, დოკუმენტის წარდგენის ფაქტები და სხვ. გარდა ამისა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ნოტარიუსი უფლებამოსილია დაამოწმოს სხვა ფაქტებიც, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა მათ დადგომას ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს.
ფაქტის დამოწმების სანოტარო მოქმედების შესრულების საზღაური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირ არის დადგენილი კონკრეტული ფაქტის დამოწმების საზღაური, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N507 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.

მოკლედ მიმოვიხილავ ნოტარიუსის მიერ ცალკეული იურიდიული ფაქტის დამოწმების შემთხვევებს:

ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება
ნოტარიუსი უფლებამოსილია დაადასტუროს ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტი და ამის თაობაზე გასცეს შესაბამისი მოწმობა. ამისათვის პირი, რომლის ცოცხლად ყოფნის ფაქტიც უნდა დადასტურდეს, თვითონ უნდა წარდგეს ნოტარიუსის წინაშე და მას წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ოღონდ აუცილებელი არ არის სანოტარო მოქმედების შესრულების მთხოვნელი პირი, რომლის ცოცხლად ყოფნის ფაქტიც უნდა დადასტურდეს, თავად იყოს. შესაძლოა ეს პირი იყოს არასრულწლოვანი ან იმყოფებოდეს ქმედუუნარო მდგომარეობაში და მის ცოცხლად ყოფნის დადასტურებას ითხოვდეს სხვა, დაინტერესებული, პირი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი პირის ცოცხლად ყოფნასთან დაკავშირებით ან ნოტარიუსის სათანადო ცოდნა არ არის საკმარისი ცოცხლად ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად, ნოტარიუსი ვალდებულია მოიწვიოს შესაბამისი სამედიცინო განათლების პირი (შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ექიმი ან ექსპერტი-სპეციალისტი) და მისი დასკვნის საფუძველზე შეასრულოს სანოტარო მოქმედება. 
დოკუმენტის წარდგენის დროის, დოკუმენტის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ ფაქტების დადასტურება 
დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება არის ნოტარიუსის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურების ერთ-ერთი სახე. განსაზღვრულ ვითარებაში დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს იმ ფაქტის დამტკიცება, რომ კანონით ან/და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მან რაღაც მოქმედება შეასრულა, დათქმული დოკუმენტი წარადგინა ან/და გადასცა, შეასრულა რაიმე სხვა ვალდებულება, რომელსაც დაინტერესებული პირის კონკრეტული იურიდიული ინტერესი უკავშირდება, მაგალითად, თუ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული მხარის ვალდებულება, ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებულ ვადაში ან/და დათქმული პირობის დადგომის საფუძველზე ხელი მოაწეროს და კონტრაგენტს გადასცეს რაღაც იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტი, მაშინ დათქმული ვადების დარღვევამ შესაძლოა მოვალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების დაკისრება გამოიწვიოს. მოცემულ ვითარებაში, თუ კრედიტორი აყოვნებს ან თავს არიდებს დოკუმენტის მიღებას ან, მიუხედავად მოთხოვნისა, მოვალეზე არ გასცემს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, მაშინ მოვალეს შეუძლია ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტი წარუდგინოს (გადასცეს) ნოტარიუსს და მოითხოვოს ამ სახით გადაცემის დროის დადასტურება. შესაძლებელია ნოტარიუსის თანდასწრებითვე განხორციელდეს კრედიტორისათვის ასეთი დოკუმენტის გადაცემა და სანოტარო წესით დოკუმენტის გადაცემის დროის დამოწმება. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს ხელთ ექნება საჯარო დოკუმენტი, რომელიც დავის წარმოშობისას დაადასტურებს მის მიერ ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულების ფაქტს.
დოკუმენტის წარდგენის ან გადაცემის ფაქტის დამოწმებისას ნოტარიუსი ასევე წარდგენილი/გადაცემული დოკუმენტის შინაარსს აღწერს, მათ შორის მიუთითებს დოკუმენტის ყველა თავისებურების შესახებ: გადასწორება, ამოშლა, დოკუმენტის მთლიანობის ან/და კონტექსტის დარღვევა, თუ დოკუმენტის თავდაპირველ შინაარსში შეტანილი ცვლილების ეჭვი გაჩნდება. 
ნოტარიუსმა დოკუმენტები მესამე პირს ადრესატისათვის შეიძლება გადასცეს როგორც ხელში, ასევე საფოსტო გზავნილით. 
დოკუმენტის გადაცემის დადასტურება მოიცავს დაინტერესებული პირისათვის ორი მნიშვნელოვანი გარემოების დასტურს: 
ა) დოკუმენტი ნამდვილად გადაეცა კონკრეტულად ადრესატს ან გაეგზავნა კონკრეტულ ადრესატს წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე და 
ბ) გადაცემული დოკუმენტის შინაარსს. 
მართლაც, ამ უკანასკნელის მნიშვნელობა გადამწყვეტია, რადგან ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარების ფაქტი შესაძლოა შესაბამისი საფოსტო-საკურიერო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტითაც დასტურდებოდეს, თუმცა იმ ინფორმაციის დადასტურება, თუ რა შეტყობინებას/დოკუმენტს შეიცავდა გზავნილი, ამ წესით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ დოკუმენტის მესამე პირისათვის გადასაცემად მიღებისას ნოტარიუსი ვალდებულია ზედმიწევნით ზუსტად დაადგინოს გადასაცემი განცხადებისა თუ დოკუმენტის შინაარსი და დაადასტუროს იგი.
ნოტარიუსის კრებებზე დასწრება
ნოტარიუსის ერთ-ერთი საგანგებო და მოთხოვნადი ფუნქცია სხდომათა მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ოქმების შედგენაა. ნოტარიუსი შეიძლება დაესწროს როგორც სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, ისევე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების (მაგ., ამხანაგობები) პარტნიორთა, დამფუძნებელთა, წევრთა, ხელმძღვანელ/მმართველ ორგანოთა სხდომებს და შეადგინოს მათი ოქმები. თუ ნოტარიუსის მიერ ოქმის შედგენას კანონი ან უშუალოდ შესაბამისი ორგანიზაციული წარმონაქმნის წესდება/დებულება/პარტნიორთა შეთანხმება ითვალისწინებს, ასეთ შემთხვევაში სხდომაზე ნოტარიუსის დაუსწრებლობამ შესაძლოა შედგენილი ოქმისა და მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ნოტარიუსის დასწრებას სხდომაზე საზოგადოების დირექტორი, პარტნიორი/აქციონერი, წევრი თუ სხვა დაინტერესებული პირი იმისთვის მოითხოვს, რათა სხდომაზე მომხდარი ფაქტები ან/და მიღებული გადაწყვეტილებები ზუსტად და ობიექტურად აღიწეროს შემდგომი დავის თავიდან არიდების ან მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად.
მნიშვნელოვანია ნოტარიუსის დასწრება კრების (სხდომის) ჩაშლის ფაქტის დასადასტურებლადაც. კრების (სხდომის) ჩაშლის ფაქტის ჯეროვან კონსტატაციას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განმეორებითი კრების ლეგიტიმურობის სამტკიცებლად. კრების (სხდომის) ჩაშლის ოქმის შედგენისას ნოტარიუსი უშუალოდ უნდა იმყოფებოდეს სხდომის მოწვევის ადგილზე სხდომის ჩატარებისათვის დანიშნულ დროს, რათა აღნიშნოს/დაადასტუროს სხდომის ჩატარების ხელშემშლელ გარემოებათა არსებობის ფაქტი (მაგ., საჭირო კვორუმის არარსებობა ან სხდომის ჩაშლა ნებისმიერი სხვა მიზეზით). 
სხდომაზე ნოტარიუსის დასწრებისას კრების ოქმი დგება საჯარო აქტის ფორმით და მასში სავალდებულო წესით აღინიშნება კრების (სხდომის) ჩატარების ადგილი და თარიღი, სხდომის დაწყებისა და დასრულების დრო, სხდომის თავმჯდომარის, აგრეთვე ოქმზე ხელმომწერ სხვა პირთა (მათი არსებობისას) საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე ოქმის გაცემის თარიღი.
ოქმის დამოწმებისა და გაცემის თარიღი შესაძლოა არ ემთხვეოდეს კრების (სხდომის) ჩატარების თარიღს, რასაც იწვევს ის გარემოება, რომ, როგორც წესი, ოქმი სხდომის დასრულების შემდეგ დგება და მის შედგენას, დაზუსტებასა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. ოქმის დამოწმება და სანოტარო რეესტრში რეგისტრაცია თავმჯდომარის მიერ მის ხელმოწერისთანავე სრულდება. იმ შემთხვევაში კი, თუ თავმჯდომარე რაიმე მიზეზით უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან უსაფუძვლოდ აჭიანურებს მის ხელმოწერას, ნოტარიუსი უფლებამოსილია, დაამოწმოს ოქმი და შესაბამისი მითითების გათვალისწინებით მხოლოდ საკუთარი ხელმოწერით გასცეს. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სანოტარო წესით დამოწმებული ოქმის რეგისტრაციისა და გაცემის თარიღი უმრავლეს შემთხვევაში შესაძლოა არ ემთხვეოდეს კრების (სხდომის) ჩატარების თარიღს. 
კრების (სხდომის) ოქმის შინაარსი კრებაზე დამსწრე პირთა მიერ გაკეთებულ განცხადებათა და ნოტარიუსის უშუალო აღქმის შედეგების ერთობლიობაა. ოქმით მკაფიოდ და გარკვევით უნდა ჩანდეს, მასში აღწერილი კონკრეტული ფაქტი თუ განცხადება დამსწრე პირის მიერ არის გაკეთებული თუ ნოტარიუსის უშუალო აღქმის შედეგია. თავმჯდომარე ან კრებაზე დამსწრე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს სხდომაზე მომხდარი ამა თუ იმ ფაქტისა თუ გაკეთებული განცხადების ოქმში შეყვანა. ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია აღნიშნული ფაქტი/განცხადება ოქმში შეიყვანოს. აღსანიშნავია, რომ კრების ოქმის შედგენისას ნოტარიუსს ეკრძალება უარი განაცხადოს სხდომაზე მომხდარი ფაქტებისა და განცხადებების ოქმში დაფიქსირებაზე ნებისმიერი მოტივით, მათ შორის იმ საფუძვლითაც კი, რომ დამსწრის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი თუ აღწერილი ფაქტი ეწინააღმდეგება ნოტარიუსის უშუალო აღქმის შედეგებს; თუმცა ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი ოქმში შენიშვნის სახით აღნიშნავს თავისი უშუალო, ამ განცხადების საწინააღმდეგო, დაკვირვების შედეგს. მსგავსი სახის შენიშვნები (ნოტარიუსის შენიშვნები) უნდა შევიდეს კრების ოქმის ბოლოს, კრების თავმჯდომარისა და ნოტარიუსის ხელმოწერამდე.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა, ხოლო Covid 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება სულ უფრო ხშირად აიძულებს მხარეებს – იურიდიული პირის მმართველ ორგანოთა კრებები (სხდომები) ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების (ვიდეო და სატელეფონო კონფერენციები) გამოყენებით გაიმართოს. ამ სახით ჩატარებულ კრებას შეიძლება დაესწროს ნოტარიუსი, რათა შესაბამისი სხდომის ოქმი შეადგინოს. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით კრების ჩატარების წესი უფრო დეტალურად უნდა მოწესრიგდეს უშუალოდ შესაბამისი ორგანიზაციის (სამეწარმეო თუ არასამეწარმეო იურიდიული პირის) წესდებით, მაგრამ კანონმდებლობა აუცილებლობად მიიჩნევს შემდეგი პირობის არსებობას: პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია უნდა იძლეოდეს კრებაში გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილე ყველა პირისა და ნოტარიუსის ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას (ტელეკონფერენცია). ეს წესი გულისხმობს, რომ კრების ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური უზრუნველყოფა შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, რომ კრების მონაწილე ყველა პირსა და ნოტარიუსს ჰქონდეს საშუალება, ერთდროულად ხედავდნენ და ესმოდეთ ერთმანეთისა. კრებაზე გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების სპეციალურ პროცესს, როდესაც სხდომის მონაწილეები სხდომას ერთდროულად ესწრებიან, ისმენენ ერთმანეთის აზრებს, წინადადებებს, განიხილავენ ყველა შესაძლო ალტერნატივას და კენჭს უყრიან მისაღები გადაწყვეტილების პროექტს. ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ კრებაში გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილე ყველა პირს საშუალება აქვს გაიგონოს ერთმანეთის, აგრეთვე – კრების თავმჯდომარის, ნოტარიუსისა და სანოტარო მოქმედების სხვა მონაწილის (თარჯიმანი, სპეციალისტი, მოწმე და სხვ.) ნათქვამი. გარდა ამისა, ნოტარიუსს უნდა შეეძლოს კრებაში გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება (პირადობის დადასტურება) სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ვიდეოფაილის სახით ჩაწერა და ერთი ნეიტრალური მოწმის დასწრება.

იურიდიული პირის რეგისტრირებული მონაცემების შესახებ მოწმობის გაცემა
ნოტარიუსი უფლებამოსილია მოწმობები გასცეს რეზიდენტი იურიდიული პირების არსებობის, ადგილსამყოფლის, დამფუძნებლების, წარმომადგენლის, იურიდიული სტატუსისა და სხვა გარემოებათა შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე. პრაქტიკაში ასეთი მოწმობების გაცემაზე მოთხოვნა გვხვდება აგრეთვე საქართველოს იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის საზღვარგარეთ წარდგენის საჭიროებისას. ნოტარიუსი ამოწმებს იურიდიული პირის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, აგრეთვე – საჭიროებისამებრ სხვა საჯარო მონაცემთა ბაზებში და აღნიშნულ მონაცემებს თავს უყრის შესაბამის მოწმობაში. 
მოწმობა გაიცემა აგრეთვე რეზიდენტი იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების (Ultimate Beneficial Owner) შესახებაც, რომელიც გამოიყენება კომპანიის AML/CFT მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

აუქციონის შედეგების დამოწმება
ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში იშვიათია ნოტარიუსის დასწრება აუქციონზე და აუქციონის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ოქმის შედგენა, თუმცა სხვა სანოტარო იურისდიქციებში ამ სანოტარო მოქმედებას ნოტარიუსი წარმატებით ასრულებს .
აუქციონის ოქმის დასამოწმებლად ნოტარიუსი შეიძლება მიიწვიონ სპეციალური სავაჭრო დაწესებულების ან სპეციალისტის მიერ მოწყობილ აუქციონზე. სპეციალისტის მიერ აუქციონის ჩატარების წესი სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 3061-3064-ე, 307-ე მუხლებით არის განსაზღვრული და ნოტარიუსი ვალდებულია აუქციონატორის განცხადებები ამ მუხლების ნორმათა დაცვის შესახებ და აგრეთვე საკუთარი დაკვირვებები აუქციონის ოქმში შეიტანოს. 
აუქციონის ოქმზე აუქციონატორისა (სპეციალისტის) და ნოტარიუსის ხელმოწერა სავალდებულოა. ამასთან, დაინტერესებული პირის მოთხოვნით ან ნოტარიუსის ინიციატივით დასაშვებია ოქმზე აუქციონში მონაწილე სხვა პირების (აუქციონში გამარჯვებული, მოწვეული ექსპერტი, თარჯიმანი და სხვ.) ხელმოწერებიც.

ინტერნეტში ან სოციალურ ქსელში ინფორმაციის / მასალის განთავსების ფაქტის დამოწმება
თანამედროვე ინტერნეტტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების განვითარების კვალდაკვალ სანოტარო პრაქტიკაში სულ უფრო ხშირია დაინტერესებულ პირთაგან ისეთი ფაქტების დამოწმების მოთხოვნა, როგორებიცაა: ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული/გაგზავნილი შეტყობინების ნამდვილობის დამოწმება, ინტერნეტსივრცეში განსაზღვრული ინფორმაციის/მასალების განთავსების ფაქტის დამოწმება, სმს შეტყობინებებისა და სხვადასხვა სოციალური ქსელიდან მიღებულ/გაგზავნილ შეტყობინებათა ნამდვილობისა და შინაარსის დადასტურება, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალების ნამდვილობის დადასტურება. 
ინტერნეტში შესაძლოა შეხვდეთ ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის შემთხვევებს, სოციალურ ქსელში – პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებს. ბევრი სამართლებრივი ურთიერთობა, მათ შორის სახელშეკრულებო, ინტერნეტშია გადანაცვლებული. ინტერნეტი და სოციალური ქსელი მუდმივად ცვალებადი და დინამიკური გარემოა. მომხმარებლების მიერ მათში განთავსებული ინფორმაცია ყოველწამიერად ახლდება, იცვლება, იშლება. ამგვარი ცვალებადობის გამო ინფორმაცია, რომელიც დროის ამა თუ იმ მონაკვეთში ხელმისაწვდომი იყო, შეიძლება შეიცვალოს ან საერთოდ წაიშალოს. ასეთ შემთხვევაში რთულდება ამ ინფორმაციის არსებობისა და მისი შინაარსის მტკიცება დაინტერესებული პირისთვის, უმეტეს შემთხვევაში კი შეუძლებელიც ხდება.
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსი თავისი უშუალო დაკვირვების შედეგად აღწერს და ადასტურებს ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას, ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულ ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებებს, სოციალური ქსელის ან მობილური ტელეფონის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის კონკრეტულ ფაქტებს, ზედმიწევნითი სიზუსტით გადააქვს ეს ინფორმაცია სანოტარო აქტში და დაურთავს მას ყველა იმ მასალას (ფოტოსურათებს, „სქრინშოთებს“, ამონაბეჭდებს), რომლებიც ფაქტის ნამდვილობას ამტკიცებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი